რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ოკუპირებულ ყირიმში ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკის რეჟიმზე გადავა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვები ამოქმედდა. ამის შესახებ ოკუპაციური ენერგოკომპანია "Крымэнергоинформ"-ი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.

კომპანიის ცნობით, ყირიმის ელექტროსადენების ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მომხდარი ავარიების გამო ნახევარკუნძულის სხვადასხვა რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის გრაფიკები ამოქმედდება.

"ყირიმის რესპუბლიკის ელექტროსადენების ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ავარიებთან დაკავშირებით, ნახევარკუნძულის რეგიონების მიხედვით ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის გრაფიკები ამოქმედდება", – ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპაციური ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილობრივი ადმინისტრაციების ოფიციალურ გვერდებსა და კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

მანამდე, 22 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ ელექტროქსელებში დაზიანებების გამო ოკუპირებული ყირიმის ჩრდილო-დასავლეთის, ცენტრალური და სამხრეთ სანაპიროს ენერგორაიონების მომხმარებელთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ამასთან, ოკუპაციურმა ხელისუფლებამ ნახევარკუნძულზე ბენზინის გაყიდვაზეც ახალი შეზღუდვები დააწესა. ახალი წესების თანახმად, ბენზინის შეძენა გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისთვის შეიზღუდება, თუმცა ოკუპაციურ ხელისუფლებას დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გაუვრცელებია.

კომენტარები