ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ვიდეოსაუბარში თქვა, რომ უკრაინის ომი და მსგავსი კრიზისები არავის ინტერესებში არ შედის.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ჩინურმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა.
"უკრაინის კრიზისი არის ის, რისი ნახვაც არ გვსურს". – თქვა სი ძინფინგმა ბაიდენთან.
სიმ ბაიდენს ასევე უთხრა, რომ ჩინეთი და აშშ უნდა გაყვნენ ორმხრივი ურთიერთობების სწორ გზას და უნდა იყვნენ ერთად საერთაშორისო პასუხისმგებლობისა და მსოფლიო მშვიდობის გამო.
საუბრის დროს ჯო ბაიდენმა სი ძინფინგი გააფრთხილა, რომ თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინაში ქმედებებისთვის მატერიალურად დაეხმარება, ამას "შედეგები" მოჰყვება.
გასულ დღეებში Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარებისთვის მიმართა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს 5 სახის სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა, მათ შორის რაკეტები, დრონები, ჯავშანმანქანები და ლოგისტიკური მანქანები. ინფორმაცია უარყო ჩინეთის საელჩომ აშშ-ში.
ამას გარდა, 14 მარტს კვლავ FT-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ მოკავშირეებს შეატყობინა, რომ ჩინეთმა სამხედრო სფეროში რუსეთის დახმარების შესაძლებლობაზე მიანიშნა. გამოცემა ინფორმაციას საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკვე 17 მარტს ჩინეთის ელჩმა უკრაინაში, ფან სიანრონგმა თქვა, რომ ჩინეთი უკრაინას "არასდროს დაესხმება თავს".





