რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, რუსეთი არ ელის ანკორიჯის შეთანხმებების შესრულებას და ამის ნაცვლად "გამარჯვებას" ელოდება. ანკორიჯის სამიტი ალასკაში დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გაიმართა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას განიხილავდნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის წარმომადგენლები დადებითად საუბრობდნენ "ანკორიჯის სულისკვეთებაზე".
"არ ველით ამ ურთიერთგაგებათა თუ შეთანხმებების შესრულებას, ჩვენ ველით გამარჯვებას. ველით ჩვენი საკუთარი მიზნების რელიზაციას." - თქვა უშაკოვმა.
უშაკოვის მტკიცებით, ახლა მხოლოდ ერთი მხარეა "კვლავ ერთგული" ანკორიჯის შეთანხმებისადმი, მეორე კი "სრულებით არ აღმოჩნდა მზად გაევლო გზის საკუთარი ნაწილი, შეესრულებინა შეთანხმებები".
ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის ალასკაზე გამართული სამიტის შემდეგ, 2025 წლის 15 აგვისტოს, რუსმა მაღალჩინოსნებმა დაიწყეს ტერმინი "ანკორიჯის სულისკვეთების" გამოყენება, რომლითაც აღწერდნენ ამ შეხვედრაზე მიღწეულ გარკვეულ შეთანხმებებს. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, კითხვაზე, რას ნიშნავს "ანკორიჯის სულისკვეთება", თქვა, რომ ეს რუსეთსა და აშშ-ს შორის არსებული "ურთიერთგაგებების მთელი წყობაა".
თუმცა, უკვე 2026 წლის დასაწყისიდან რუსი ოფიციალური პირები ამ შეთანხმებებს უფრო კრიტიკულად აფასებენ. თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ალასკის სამიტის შედეგების საფუძველზე რუსეთმა მიიღო აშშ-ს წინადადებები "უკრაინის საკითხზე", თუმცა ახლა თავად ვაშინგტონი აღარ არის მზად მათი შესრულებისთვის. მოგვიანებით კი მან აღნიშნა, რომ "ანკორიჯის სულისკვეთება ქრება".




