რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: არანაირი კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით

Office of the President of Ukraine

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში უკრაინა არ წავა კომპრომისებზე ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

CNN-ის ჟურნალისტმა ზელენსკის კითხვა დაუსვა რუსეთის მოთხოვნებზე, ყირიმის რუსეთის ნაწილად, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, ასევე NATO-ს წევრობაზე უარის მოთხოვნაზე.

ზელენსკის თქმით, არსებობს კომპრომისები, რომელზეც უკრაინა არ წავა.

"არსებობს კომპრომისები, რომლებისთვისაც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მზად ვერ ვიქნებით. არანაირი კომპრომისები ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით - ამაზე ისაუბრა უკრაინელმა ერმა. ისინი არ შეხვდნენ რუს ჯარისკაცებს თაიგულებით, ისინი მათ შეხვდნენ სიმამაცით, შეხვდნენ იარაღით ხელში." - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ შეუძლია ძალით მოიპოვოს სხვა ქვეყნის მოქალაქეების კეთილგანწყობა.

CNN-თან ინტერვიუს დროს ზელენსკიმ თქვა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების მცდელობის წარუმატებლობამ შეიძლება მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანოს მხარეები.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები