რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლში ოკუპანტებმა დაბომბეს სკოლის შენობა, რომელსაც 400-მდე ადამიანი თავს აფარებდა

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს სკოლის შენობა, რომელსაც 400-მდე დევნილი აფარებდა თავს.

მათივე ინფორმაციით,  სკოლის შენობა განადგურდა და ხალხი ნანგრევებშია. შენობაში ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები იმყოფებოდნენ. მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ. 

დაღუპულებსა და დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები