რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი ჟურნალისტები, რომლებმაც სამთავრობო მედიები დატოვეს

Befunky

14 მარტს რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში ანტისაომარი პოსტერით გამოჩნდა. ჟურნალისტმა ასევე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ომი დაგმო. მოგვიანებით ოვსიანიკოვა ვიდეოს გავრცელებისთვის 30 000 რუბლით დააჯარიმეს, ანტისაომარი პოსტერის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ჟურნალისტს შესაძლოა პატიმრობა შეუფარდონ.

ოვსიანიკოვას გარდა რუსულ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებზე მუშაობაზე უარი კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა თქვა.

პირველი საზოგადოებრივი არხი დატოვა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ჟანა აგალაკოვამ. წამყვანმა წასვლის შესახებ განცხადება 3 მარტს დაწერა და ორ კვირაში, 17 მარტს თანამდებობა დატოვა.

ჯერ კიდევ თებერვალში, საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, ლილია გილდეევამ ტელეარხი НТВ დატოვა, ამჟამად ჟურნალისტი საზღვარგარეთ იმყოფება.

НТВ-დან 2 მარტს კიდევ ერთი ჟურნალისტი, ვადიმ გლუსკერი წავიდა. გლუსკერი НТВ-ზე 1993 წლიდან მუშაობდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რამდენიმე სანქცია გავრცელდა კრემლის მთავარ პროპაგანდისტ ჟურნალისტებზე, ვლადიმირ სოლოვიოვზე და მარგარიტა სიმონიანზე.

კომენტარები