რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საელჩო: ელჩთან კონსულტაცია სხვადასხვა ფორმატით შეიძლება, ვერ გავამხელთ თავისებურებებს

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის ელჩის კონსულტაციაზე გაწვევაზე ისაუბრა და თქვა, რომ ელჩთან კონსულტაცია თანამედროვე პირობებში შეიძლება სხვადასხვა ფორმატით ჩატარდეს.

"უკრაინის ელჩი 1 მარტს გაიწვიეს კონსულტაციებისთვის. თავისი მოვალეობის შესასრულებლად ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამედროვე პირობებში კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. როგორც იცით, უკრაინა სამი კვირაა, ომშია, ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა. საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. ომის პირობებში დიპლომატია შორდება კლასიკურ მდგომარეობას. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის, ომის დროს ელჩის მოღვაწეობაზე". – თქვა კასიანოვამ.

საელჩოს წარმომადგენელმა მიუღებელი უწოდა ელჩის რეზიდენციასთან ჟურნალისტების გაუფრთხილებლად მისვლას. 14 მარტს რუსთავი 2-მა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ იგორ დოლგოვი საქართველოშია.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის 1 მარტს გაიწვია. მისი თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა". თუმცა, მთავრობისთვის ზელენსკის გადაწყვეტილება "გაუგებარია".

ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მისი ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს საქართველო არ დაუტოვებია.

კომენტარები