რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა

ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას განუსაზღვრელი დროით წყვეტს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევა-მარია ლიიმეცმა გაავრცელა.

"რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის გაცემას ვწყვეტთ იქამდე, სანამ მათი ქვეყნის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ დასრულდება. ამ პერიოდში ჩვენ მათ განაცხადებს არ განვიხილავთ. თუმცა, გამონაკლისები არსებობს. ჩვენ ვაგრძელებთ ვიზის თაობაზე იმ მოქალაქეების განაცხადების განხილვას, რომლებსაც ჰყავთ ესტონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახის წევრები, რომლებსაც აქვთ ჰუმანიტარული საჭიროებები და ასევე, მათ, ვისი ნათესავებიც გადიან მკურნალობას ჩვენს ქვეყანაში. ხოლო ვისაც ესტონური სპა-ცენტრებისა და სხვა ტურისტული აქტივობებისთვის სურს ჩვენთან ჩამოსვლა, ისინი ამას გარკვეული პერიოდი ვერ შეძლებენ". - აცხადებს მინისტრი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები