რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გომელაური Дождь-ის ჟურნალისტზე: მესაზღვრე წყვეტს, რაღაც კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა

საქართველოს მთავრობა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, არ იცის, რატომ არ შემოუშვეს ქვეყანაში დოჟდის ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი. მინისტრის განცხადებით, ამას მესაზღვრე წყვეტს. გომელაური აღნიშნავს, რომ არის კრიტერიუმები, რატომ არ უშვებენ კონკრეტულ ადამიანს ქვეყანაში და "რაღაც ვერ დააკმაყოფილა".

"ბევრი ადამიანი არ შემოვუშვით, ასზე მეტი, ერთერთი, ალბათ ეგეც მოჰყვა, არ ვიცი, ეს გაწერილი წესია, მესაზღვრე თვითონ წყვეტს, ვინ შემოუშვას, ვინ არა. არ წყვეტს ამას არც მინისტრი, არც მისი კურატორი, მოადგილე და ა.შ. არის თვითონ მესაზღვრე, რომელიც იღევს გადაწყვეტილებას, შემოუშვას თუ არა. აქ არის როგორც რუსეთის მოქალაქე, ასევე ბელარუსის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების.

არ ვიცი, ვერ გეტყვით, სტანდარტული გაიდლაინია, ჩვეულებრივად ხდება სტანდარტულად, არშემოშვება ადამიანების, არის კრიტერიუმები - სად რჩება, ვისთან მიდის, აღებული აქვს უკანა ბილეთი თუ არა, ბევრი რაღაც არის ჩამოწერილი, რაღაც ვერ დააკმაყოფილა. ხშირად აგრესიაა ხოლმე მოქალაქის არშემოშვების მიზეზი, რომელიც აგრესიულად მოდის და აგრესიას გამოხატავს" - ამბობს გომელაური.

დამოუკიდებელი ტელეკომპანია Дождь-ის ჟურნალისტი 5 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს. მიხაილ ფიშმანის თქმით, საზღვრის გადმოკვეთის უფლება მისცეს მის ოჯახის წევრებს, თუმცა მას არა. ამის შესახებ ფიშმანი ფორმულასთან ინტერვიუში საუბრობს.

"საქართველოში ჩემს ქალიშვილებთან ერთად ჩამოვედი. ისინი ქვეყანაში შეუშვეს, მე - არა. თავიდან ერთი საათი საზღვარზე გამაჩერეს. მერე პასპორტი მომცეს და მითხრეს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარს მეუბნებოდნენ. ისიც მითხრეს, რომ გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში გავასაჩივრო. ვკითხე, რასთან დაკავშირებით-მეთქი. მითხრეს, რომ როცა ბაქოში დავბრუნდებოდი, საბუთებს მაჩვენებდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა საბუთებზე მელაპარაკებოდნენ. 

პასპორტიც კი მას შემდეგ მომცეს, რაც გამოვფრინდი. მიზეზი გაურკვეველი დარჩა. ჩემთვის არავის არაფერი აუხსნია, თუმცა, სხვა საუბრებიდან, სხვა კონტაქტებიდან გავიგე, რომ ყველაფერი ტელეარხ დოჟდთან კავშირის გამო მოხდა". – ამბობს მიხაილ ფიშმანი.

საქართველოში Дождь-ის ჟურნალისტის არშემოშვების შესახებ ინფორმაცია 5 მარტს გავრცელდა. რუსეთში დამოუკიდებელმა ტელეკომპანია Дождь-მა 3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. 1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურ Эхо Москвы-სდა დამოუკიდებელი გამოცემის, Дождь-ის წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. 2 მარტს კი Дождь-ის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ რუსეთი დატოვეს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები