რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის თვითმფრინავით ფრენა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში მყოფი ან მათ მიერ დაქირავებული თვითმფრინავებით ფრენა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ბრიტანეთის საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის უკვე ჩაკეტილია. ახალი სანქციის სამიზნე მდიდარი რუსების კერძო თვითმფრინავებია. დიდი ბრიტანეთის მთავრობის თქმით, ეს სანქცია კრემლთან დაახლოებულ პირებს შეეხება.

ასევე, დიდმა ბრიტანეთმა დამატებითი სანქცია შემოიღო, რომელიც საავიაციო სექტორთან დაკავშირებული ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტს კრძალავს.

სანქციებთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, სანქციები დამატებით ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს რუსეთსა და კრემლის შიდა წრეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები