აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
კრემლის ინფორმაციით, პუტინმა ტრამპს 80 წლის იუბილე მიულოცა და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა. კრემლის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, საუბრის განმავლობაში, რომელიც ერთ საათზე ოდნავ ნაკლებ ხანს გაგრძელდა, ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
უშაკოვის თქმით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აშშ-ს წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უახლოეს მომავალში კვლავ ეწვევიან რუსეთს. პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ თუ ზელენსკის შეხვედრა ნამდვილად სურს, ის მოსკოვში უნდა ჩავიდეს - წინადადება, რომელიც ზელენსკიმ არაერთხელ უარყო.
კრემლის ცნობით, ტრამპმა პუტინს აცნობა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომთან დაკავშირებული შეთანხმება ახლოსაა და შესაძლოა ის კვირის ბოლომდეც გაფორმდეს.
აშშ-ს პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა ზელენსკიმაც. "ჩვენ საკმაოდ დეტალური საუბარი გვქონდა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ - მათ შორის, რა თქმა უნდა, მშვიდობის შესახებაც" - განაცხადა ზელენსკიმ.
"შევთანხმდით, რომ უფრო დეტალურად [მომდევნო კვირას] G7-ის სამიტზე ჩვენი შეხვედრის დროს ვისაუბრებთ" - დასძინა მან.




