რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, Free Ukraine დაერქმევა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ქუჩას, სადაც რუსეთისა და უკრაინის საელჩოები მდებარეობს, სახელი შეეცვლება და Free Ukraine (თავისუფლება უკრაინას) დაერქმევა. ამის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა გაავრცელა.

"ჩვენს თაობას ეს სისხლიანი რუსული აგრესია დაღს დაასვამს. რუსების მიმართ უკრაინელების გმირული აგრესია კი უნდა გვახსოვდეს, მათ შორის ის საჯარო ადგილებშიც უნდა გამოიხატებოდეს სხვადასხვა ფორმით. რუსებს მოუწევთ ცხოვრება და მუშაობა მისამართზე, რომელსაც ერქმევა Free Ukraine". - ამბობს ქალაქის მერი.

აღნიშნული ქუჩა აქამდე დონიკა კასტრიოტის სახელობის იყო, რომელიც ალბანეთის ეროვნული გმირის, სკანდერბერგის ცოლი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ ქუჩაზე რუსეთისა და უკრაინის გარდა, კოსოვოსა და სერბეთის საელჩოებიც მდებარეობს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები