რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯანდაბამდე გზა გქონიათ, ზომბებო – კინოკრიტიკოსმა ანტონ დოლინმა რუსეთი დატოვა

Be Funky

ცნობილმა რუსმა კინოკრიტიკოსმა და ჟურნალისტმა ანტონ დოლინმა რუსეთი დატოვა. დოლინის თქმით კარზე უცნობებმა თეთრი საღებავით Z დაუწერეს, ამ ასოთია დანიშნული იმ საოკუპაციო სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი, რომელიც უკრაინაშია შესული.

მსოფლიოში ცნობილმა კინოკრიტიკოსმა დღევანდელ რუსეთსა და თავის გადაწყვეტილებას დიდი პოსტი მიუძღვნა.

"მე აქ არ ვარ

ჩვენ გავემგზავრეთ.

მიზეზი რამდენიმეა. მაგრამ რეალური მხოლოდ ერთი – დანაშაულებრივი ომი უკრაინაში, რომლის ინიციატორიც რუსეთია. შეუძლებელია იცხოვრო ქვეყანაში, რომელიც თუნდაც გიყვარს, რომელშიც გაჩუმებენ. განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომლის ერთადერთი იარაღი სიტყვაა.

და ასევე აღარ შემეძლო მოსკოვის ჰაერის სუნთქვა, რომელშიც ადამიანები განიხილავენ გეგმებს, უყურებენ კინოს, დადიან გამოფენებზე, როდესაც უკრაინაში ხალხი იღუპება. ასეთი არსებობის თითოეული წუთი მხოლოდ ერთ რამეს ამტკციებს – შენ თანამონაწილე ხარ.

რა თქმა უნდა გამგზავრება პრივილეგიაა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არც სხვა ქვეყნის პასპორტები გვაქვს, არც რეზიდენტურა, არც უცხოური კონტრაქტები, გადადებული ფული და "პერსპექტიური გეგმები".

სასცილოა, რომ მთელი გააზრებული ცხოვრების განმავლობაში უარს ვამბობდი წასვლაზე. არადა მეძახდნენ და მელოდნენ. ჩემი სამშობლო რუსეთია, სხვა არც მინდა მქონდეს. მაგრამ რუსეთი აღარ არსებობს, რუსეთი თავმოჭრილი ქათამია.

მთელი სამყარო 10 დღის წინ ჩამოინგრა. მიჭირს ახლობლებზე ზრუნვა, იმიტომ რომ, გამუდმებით უკრაინაზე ვფიქრობ. იქ არ მყავს ნათესავები, მაგრამ მყავს უკრაინელი მეგობრები: კირა მურატოვას ქმარი, შესანიშნავი მხატვარი ჟენია გოლუბენკო, რომელიც ახლა ოდესაშია, ჩემი ერთგული მეგობარი და კეთილშობილი ადამიანი სერიოჟა ლოზნიცა, კინოკრიტიკოსი ნატაშა სერებრიაკოვა (ის ბომბსაფარშია, სუმაში) და მრავალი სხვა.

მხოლოდ მეგობრებზეც არ არის. უკრაინელები მართლები არიან და ამიტომ ისინი გაიმარჯვებენ. ადრე თუ გვიან, ეს გარდაუვალია. ჩვენ კი კატასტროფის წინაშე ვართ, არა პოლიტიკური ან ეკონომიკური, მორალური კატასტროფის წინაშე. იმ ხალხის უძლურობა, რომელიც 22 წელი აპროტესტებდა ამ ხელისუფლებას, მხოლოდ მიზრდის უიმედობის გრძნობას.

მე ვამაყობ, რომ ჩემი ჟურნალისტური კარიერა Эхо Москвы-ში დავიწყე. მაშინ მოსკოვში მომხდარ აფეთქებებს და ჩეჩნეთის მეორე ომს ვაშუქებდი(იცით რომელ ომს? ძალდატანებით რომ მოითხოვდნენ ჩვენგან "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაგვეძახა. ვამაყობ ჩემი "Meduza"-ში მუშაობითაც, რომელიც მიმდინარე ომს დეტალურად აშუქებს.

დღეს, როგორ უნდა უყურო კინოს, ან იფიქრო მასზე ან დაწერო კინოზე, ვერ ვხვდები.

წასვლის წინ, შევამჩნიეთ რომ ჩვენი კარი დანიშნეს. შინაარსი გასაგებია: "ვიცი სად ცხოვრობს შენი ოჯახი, ფრთხილად იყავი". ჯანდაბამდე გზა გქონიათ, ზომბებო". – წერს კინოკრიტიკოსი.

დოლინის თქმით მისი სოციალური ქსელების ანგარიშებიც გატეხილია და მას უთვალთვალებდნენ. ამჟამად კინოკრიტიკოსი ოჯახთან ერთად ლატვიაში, კინოფესტივალ ArtDocFest-ზე იმყოფება. 

ანტონ დოლინი მსოფლიოში ცნობილი რუსი კინოკრიტიკოსია, რომელიც პუტინის ხელისუფლებას წლების განმავლობაში ღიად აკრიტიკებდა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა გამოცემებში Эхо Москвы, Московские Новости, Газета Ру. 2017 წლიდან არის ჟურნალ Искусство кино-ს მთავარი რედაქტორი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები