რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად ევროკავშირი 500 მილიონ ევროს გამოყოფს

უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად ევროკავშირი 500 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი TWITTER-ზე ავრცელებს. 

"მადლობელი ვარ ურსულა ფონ დერ ლეინის, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინელების სამართლებრივ სტატუსზე, რომლებიც ევროკავშირში თავშესაფარს პოულობენ, რუსული აგრესიის გამო. ევროკომისიის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევრო უზრუნველყოფს მათ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს"- წერს ზელენსკი. 

უკრაინელმა ლტოლვილებმა ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრებისა და მუშაობის 3-წლიანი უფლება მიიღეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, 875 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. ნახევარზე მეტი (454 000) წავიდა პოლონეთში, 116 000 უნგრეთში, 67 000 სლოვაკეთში, 45 000 რუმინეთში და 79 000 მოლდოვაში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები