რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რადიო თავისუფლებამ რუსეთში მუშაობა დროებით შეწყვიტა

dw.com

რადიო თავისუფლების რუსული ბიურო დროებით ქვეყანაში მუშაობას წყვეტს. 4 მარტიდან რუსეთში გაიზარდა გამოცემაზე წნეხი. ბოლო კვირაში რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა რადიო თავისუფლების საიტები, რადგან გამოცემამ უარი თქვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ინფორმაცია წაეშალა. რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ფარგლებში დაბლოკა რადიო თავისუფლების პროექტების საიტებზე წვდომა, მათ შორის სატელევიზიო მაუწყებლობაზე ნასტოიაშეე ვრემია, რომელიც ამერიკის ხმასთან თანამშრომლობითაა შექმნილი.

რადიო თავისუფლების კორპორაციის პრეზიდენტის ჯეიმი ფლაის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია არა საკუთარი ნებით, არამედ "სიმართლეზე პუტინის თავდასხმის" გამო.

"რადიო თავისუფლების უნარზე, იმუშაოს რუსეთში, კრემლის ეს თავდასხმები რადიო თავისუფლებაზე მრავალწლიანი წნეხის კამპანიის კულმინაციაა, გამოცემა ფიზიკურად იმყოფებოდა რუსეთში 1991 წლიდან, როდესაც მაშინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის მოწვევით შეიქმნა მოსკოვის ბიურო" - ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.

რუსეთმა 4 მარტს რადიო თავისუფლების და BBC-ის რუსული გამოცემების ვებგვერდებზე წვდომა შეაჩერა. მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გავრცელება დასახელდა. ომის დაწყების შემდეგ რუსეთში გაიზარდა წნეხი თავისუფალ მედიაზე.

რუსეთში დამოუკიდებელმა ტელეკომპანია Дождь-მა 3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. 1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურ Эхо Москвы-სდა დამოუკიდებელი გამოცემის, Дождь-ის წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. 2 მარტს კი Дождь-ის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ რუსეთი დატოვეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები