რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტული ბატალიონი "სპარტას" მეთაური მოკლეს

ვლადიმირ ჟოგა და ბატალიონი სპარტას წევრები
ria

დონეცკის ოლქში, ქალაქ ვოლნოვახაში მიმდინარე შეტაკებებში უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს დონეცკელი სეპარატისტების სამხედრო დაჯგუფების, ბატალიონი სპარტას მეთაურის, ვლადიმირ ჟოგას მოკვლა

"სპარტის სარდალი ვლადიმირ "ვოხა" ჟოგა. წერტილი. სიკვდილი მტრებს", – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ანატოლი შტეფანი. 

ვლადიმირ ჟოგას სიკვდილს ადასტურებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურიც, დენის პუშილინი. მისი თქმით, ჟოგა სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. 

ბატალიონი სპარტა დონეცკელი სეპარატისტების დაჯგუფებაა, რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებელი იყო არსენ პავლოვი, ზედმეტსახელად "მოტოროლა", რომელიც 2016 წელს აფეთქების შედეგად მოკვდა. მისი ადგილი დაიკავა ვლადიმირ ჟოგამ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები