რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ილონ მასკი: მაღალია იმის ალბათობა, რომ STARLINK რუსეთის სამიზნე გახდეს

Be Funky

ილონ მასკის თქმით სატელიტური ინტერნეტის ტექნოლოგია Starlink შესაძლოა რუსეთის სამიზნე გახდეს. მილიარდერმა საშიშროების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

"მნიშვნელოვანი გაფრთხილება: Starlink ერთადერთი არარუსული კომუნიკაციის სისტემაა, რომელიც უკრაინის რიგ რეგიონებში ჯერ კიდევ მუშაობს, სწორედ ამიტომ, მისი მიზნად ამოღების ალბათობა მაღალია. გთხოვთ გაუფრთხილდით". – წერს მასკი სოციალურ ქსელში.

1 მარტს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას ახალი თაობის სატელიტური ინტერნეტი და სპეციალური მოწყობილობები უფასოდ გადასცა. 

საგულისხმოა, რომ სატელიტური ინტერნეტის ტექნოლოგია ჯერაც ახალია და Starlink-ის სერვისი უკრაინაში არ იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ქვეყნის ვიცეპრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა Twitter-ზე SpaceX-ის ხელმძღვანელს, ილონ მასკს საჯაროდ მიმართა. 

"ილონ, სანამ თქვენ მარსის კოლონიზაციას ცდილობთ, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს! სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ეშვებიან კოსმოსიდან, რუსული რაკეტები უკრაინელ მოსახლეობას ესხმიან თავს! გთხოვთ, უკრაინას მიაწოდოთ Starlink-ის სადგურები".
 
ფედოროვის მცდელობამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე საათში მასკმა მას უპასუხა: "Starlink-ის სერვისი ახლა უკვე უკრაინაში ხელმისაწვდომია, დამატებითი ტერმინალები გზაშია".   

Starlink-ის ანტენების და როუტერების ნაწილი უკვე ჩავიდა უკრაინაში და სატელიტური ინტერნეტიც ჩაირთო. აღსანიშნავია, რომ Starlink-ის გათიშვა რუსეთისთვის, პრაქტიკულად შეუძლებელია, ამისათვის არმიამ ან SpaceX-ის სატელიტები უნდა გაანადგუროს, ან უკრაინაში განთავსებული ანტენები და როუტერები. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

 

კომენტარები