რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პარიზში, ცვილის მუზეუმიდან ვლადიმირ პუტინის ქანდაკება გაიტანეს

Euronews

უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის გამო პარიზის გრევინის მუზეუმიდან ვლადიმერ პუტინის ცვილის ქანდაკება გაიტანეს. გატანამდე რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის სკულპტურა მნახველებმა დააზიანეს.

"დღეს უკვე შეუძლებელია მუზეუმში პუტინის მსგავსი პერსონაჟი იყოს წარმოდგენილი. მუზეუმის არსებობის ისტორიაში პირველად გაგვაქვს ქანდაკება მიმდინარე მოვლენების გამო. ჩვენს მუზეუმში არასდროს ყოფილა ჰიტლერის მსგავსი დიქტატორების ქანდაკებები, შესაბამისად, არც პუტინის წარმოჩენა გვსურს". – ამბობს გრევინის ადმინისტრაცია.

პუტინის ქანდაკება მუზეუმში 2000 წლიდან დგას. მუზეუმის გადაწყვეტილებით მის ადგილს ვოლოდიმირ ზელენსკის ცვილის ქანდაკება დაიკავებს.

გრევინის ცვილის მუზეუმი პარიზში 1882 წელს გაიხსნა. ამ დროისთვის მუზეუმში 450-ზე მეტი ქანდაკებაა წარმოდგენილი. მათ შორის ისეთი ცნობილი ადამიანების, როგორებიც არიან ალბერტ აინშტაინი, მაჰათმა განდი, პაბლო პიკასო, იოანე პავლე II და მაიკლ ჯექსონი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

 

კომენტარები