რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ რუსეთის თავდაცვის სექტორს სანქციებს უწესებს

Win McNamee / Pool / AP

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის თავდაცვის სექტორს მკაცრ სანქციებს უწესებს, რათა კიდევ უფრო "შეიბოჭოს პუტინის ომის მანქანა". განცხადებას თეთრი სახლი აქვეყნებს.

განცხადების მიხედვით, სანქციების შედეგად სერიოზული ზარალი მიადგება იარაღის მწარმოებელ რუსულ კომპანიებს. მთლიანობაში, სანქციები დაუწესდება 22 რუსულ ორგანიზაციას, რომელსაც თავდაცვის სექტორთან აქვს კავშირი. მათ შორის, ფირმებს, რომლებიც რუსეთისთვის სამხედრო თვითმფრინავებს, უპილოტო საფრენი აპარატებს, რაკეტებს, ელექტრონულ საბრძოლო სისტემებს ამზადებენ.

სანქციები ასევე დაუწესდება ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის და ბელარუსის სამხედრო სექტორს უჭერენ მხარს.

აშშ-მ, ევროპული ქვეყნების მსგავსად, საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთს.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც. ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს თიშავს.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები