რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს და ომის დასასრულებლად შეხვედრას კვლავ სთავაზობს

ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელესნკი
Rnz.nz

4 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღია წერილით რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს მხარეებს შორის მიმდინარე ომის დასასრულებლად პირისპირ შეხვედრის თარიღის განსაზღვრა და მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

"უკრაინა ომის დასრულებას ჩემსა და თქვენს შორის პირდაპირი ფორმატით გთავაზობთ. მე გთავაზობთ შეხვედრას. ყველამ მოისმინა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, თითქოს მე მოსკოვში შემეძლო ჩასვლა. მაგრამ ამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს კიევში, არაფერი ესაქმება" - მიმართავს ზელენსკი პუტინს ღია წერილში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არსებობს ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად ლიდერებს მასპინძლობენ, მათ შორისაა შვეიცარია, თურქეთი და არაბული სამყაროს ქვეყნები.

"ბევრს შეუძლია და სურს ამ შეხვედრის მასპინძლობა" - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან დაამატა, რომ საკვანძო საკითხებს ყოველთვის ლიდერები წყვეტენ და ასე იქნება მომავალშიც.

"გთავაზობთ, განვსაზღვროთ შეხვედრის კონკრეტული თარიღი" - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

"უკრაინა მზად არის სრულად შეწყვიტოს ცეცხლი მოლაპარაკებების პერიოდის განმავლობაში. ეს სტანდარტული პრაქტიკაა, რასაც ამჟამად ირანის გარშემო მიმდინარე მოვლენებიც ადასტურებს. რეალური სიმშვიდის დამყარების მცდელობა საუკეთესო დასაწყისია ერთმანეთთან საუბრის დასაწყებად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება არა უბრალოდ მცდელობა, არამედ ცეცხლის რეალური შეწყვეტა, თუ თქვენ ამას ისურვებთ" - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი კონფლიქტის ხაზზე შეერთებულ შტატებს შეუძლია უზრუნველყოს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მზად არის სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის პრინციპით "ყველა ყველას სანაცვლოდ", რაც ომის დასრულებისკენ კარგი დასაწყისი შეიძლება გახდეს.

მისივე განცხადებით, აუცილებელია სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმ სამოქალაქო პირებისა და ბავშვების დასაბრუნებლად, რომლებიც ომის დროს უკრაინიდან გაიტაცეს.

"აუცილებელია განისაზღვროს, როგორი იქნება მომავალი უკრაინელებისა და რუსების შემდეგი თაობებისთვის. თუ თქვენ პირადად არ მიხვალთ დასკვნამდე, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას საკუთარი არსებობისთვის. ჩვენ გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ თქვენც მოგიწევთ გაცილებით მეტად იბრძოლოთ საკუთარი არსებობისთვის - არა რუსეთის, არამედ პირადად თქვენი. და ეს არ არის მუქარა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს რუსეთის ისტორიის ფაქტებია, რომლებიც თქვენ კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ამ დაღლილობის გასაძლიერებლად. თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ თქვენი ომი" - აღნიშნავს ზელენსკი.

მანამდე, რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად კომპრომისებისთვის თითქოს მზად არის. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ანკორიჯში გამართული შეხვედრის დროსაც გაიმართა.

კომენტარები