რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს თიშავს

Reuters

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირი SWIFT-ის სისტემიდან 7 რუსულ ბანკს თიშავს და მოქალაქეებსა და კომპანიებს რუსეთისთვის ევროს მიწოდებას უკრძალავს.

SWIFT-იდან გაითიშება ბანკი ოტკრიტიე, ნოვიკომბანკი, პრომსვიაზბანკი, ბანკი როსია, სოვკომბანკი, ვნეშეკონომბანკი (VEB) და VTB ბანკი.

სანქცია ძალაში 12 მარტიდან შედის და ასევე გავრცელდება რუსეთში დარეგისტრირებულ ყველ იურიდიულ პირზე ან ორგანიზაციაზე, რომლის საკუთრების უფლების 50%-ზე მეტი ამ ბანკებს ეკუთვნის.

ასევე ევროპელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდის სამომავლო პროექტებში მონაწილეობა.

ევროკავშირის სანქციები ასევე კრძალავს რუსეთში ევროს ბანკნოტების გაყიდვას, მიწოდებას, გადაცემას ან ექსპორტს.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები