რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი პუტინს: ვიცით, რომ ომის გაჭიანურებას 2027-28 წლებამდე გეგმავთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელესნკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინისთვის გამოქვეყნებულ ღია წერილში წერს, რომ უკრაინას მხარეების შორის მიმდინარე ომის რუსეთის მიერ 2027-28 წლებამდე გაჭიანურების გეგმების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია გააჩნია.

"ჩვენ ვნახეთ სადაზვერვო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ახლა თქვენ ომის გაგრძელების გეგმებს 2027 და 2028 წლებისთვისაც განიხილავთ. ასევე ვიცით, რომ იმედი გაქვთ, რომ ბალისტიკური რაკეტები თქვენთვის იმას გააკეთებს, რაც ყველაფერმა სხვამ ვერ შეძლო. თქვენ გსურთ ომში კიდევ უფრო ჩართოთ ბელარუსი და ახლა ჩვენ ამისთვისაც გვიწევს მზადება.

ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც თამაშს თამაშობთ დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. თქვენი პროპაგანდისტები ასე თუ ისე რუსეთის ყველა მეზობელს ემუქრებიან. მართლა გსურთ ამ ყველაფრის გავლა?" - წერს ზელენსკი ღია წერილში.

"დღეს უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აღიქვამს იმას, რომ ჩვენი შორი მოქმედების დრონები სანქტ-პეტერბურგში თქვენს ფორუმზე ჩავიდნენ, 1 000 კილომეტრზე მეტი მანძილის გადალახვის შემდეგ. როგორც თქვენ კარგად იცით, ეს მანძილი ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი არ არის" - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის წერილში.

ზელენსკი წერს, რომ უკრაინა ხშირად ისმენს განცხადებებს, თითქოს ომი რუსეთს "აწყობს", თუმცა "არა მაშინ, როდესაც საქმე ვალდაიში მდებარე [პუტინის] რეზიდენციის უსაფრთხოებას ან მოსკოვში გამართულ აღლუმს ეხება".

"მაგრამ ახლა ყველანი ვხედავთ, რომ ეს საბოლოოდ თავად რუსებსაც აღარ აწყობთ - ის, რომ ომს რუსეთისთვის სულ უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოაქვს.

მათ არ მოსწონთ ჩვენი დრონები და რაკეტები.

მათ არ მოსწონთ ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა.

მათ არ მოსწონთ მუდმივი აკრძალვები.

მათ არ მოსწონთ თქვენი განზრახვა, ახალი მობილიზაციის ტალღა გამოაცხადოთ, რათა ომი უკრაინის სხვა მიმართულებებზე გააფართოოთ ან რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართოთ.

მათ არ მოსწონთ, რომ თქვენს ომს დასასრული არ უჩანს" - აღნიშნავს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, რუსეთის რესურსები იკლებს და მოსკოვს აღარ ექნება "საკმარისი ფული და პოლიტიკური ძალა, რომ რუსეთის მოქალაქეების ლოიალურობა კვლავ შეიძინოს", როგორც ეს ბოლო 26 წლის განმავლობაში ხდებოდა.

ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს და ომის დასასრულებლად შეხვედრას კვლავ სთავაზობს

კომენტარები