რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გრიბაუსკაიტე: პუტინს უკრაინაში თუ არ გავაჩერებთ, ომი უკვე ჩვენს ქვეყნებში მოგვიწევს

ლიტვის ყოფილმა პრეზიდენტმ,მ დალია გრიბაუსკაიტემ რუსეთ-უკრაინის ომზე წერილი გამოაქვეყნა:

როგორც ჩანს, ასეა.

სანქციები პუტინს ვერ გააჩერებს, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. ისინი საჭიროა, მაგრამ ყოველგვარი ისეთი გამონაკლისების გარეშე, რომლებსაც ახლა SWIFT-ში, ენერგოსექტორში ან მის მომსახურე ბანკების შემთხვევაში ვხედავთ...

მხოლოდ უკვე დაწყებულ ომს შეუძლია ომის შეჩერება. არ არის საჭირო თავის მოკატუნება და ჩვენი სინდისის დამშვიდება უკრაინისთვის მხოლოდ იარაღის მიწოდებით, რაც უკვე ძალიან დაგვიანებულია. უკრაინელი ხალხი ჩვენთვის იბრძვის ომში და უკრაინელი ბავშვები ჩვენ გვიცავენ პუტინის სიგიჟისგან.

მანტრასავით გამეორება, რომ NATO-ს არ შეუძლია უკრაინის დახმარება, უკვე პათეტიკურად ჟღერს და დასავლეთის სიმხდალეს აჩვენებს.

ამას პუტინიც ხედავს. დასავლეთი სწრაფად სწავლობს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ უკრაინაში ევროპული ომი მიმდინარეობს. ან მიიღებ ამ ომში მონაწილეობას და იბრძოლებ აგრესორის წინააღმდეგ, ან გვერდზე დგომით და უკრაინის და მისი ხალხის განადგურების ყურებით ომის დანაშაულების თანამონაწილე ხდები. დიახ, თანამონაწილე.

პუტინს უკრაინაში თუ არ გავაჩერებთ, ომში ბრძოლა მაინც მოგვიწევს, მაგრამ უკვე ჩვენს ქვეყნებში.

უკრაინა დახმარებას ითხოვს, ჩვენ კი ამ დროს ტელევიზორში ვუყურებთ საცხოვრებელი რაიონების დაბომბვას და ვიმეორებთ, რომ "მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას".

მრცხვენია, როცა მესმის NATO-ს ლიდერები და ოფიციალური პირები როგორ ბუტბუტებენ, რომ კონფლიქტში ვერ ჩაერევიან. ეს არ გავაკეთეთ სირიაში, ლიბიაში, აფრიკაში, იუგოსლავიაში და ავღანეთში?

დღეს უკრაინა თავისი ხალხის გადარჩენისთვისა და ევროპაში მშვიდობისთვის იბრძვის. ვაპირებთ, რომ ვუყუროთ, როგორ ნადგურდება დამოუკიდებელი სახელმწიფო?

დიდება უკრაინას, დიდება მის და, ჯერჯერობით, მხოლოდ მის გმირებს, რადგან ჰორიზონტზე სხვა არავინ ჩანს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები