რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის მერი: ოკუპანტებმა ქალაქის პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს

ჯავშანტექნიკა ხერსონთან, 2022 წლის 24 თებერვალი
Reuters

ხერსონის მერის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს. 

იგორ კოლხაევი უკრაინის პრეზიდენტს "მწვანე დერეფნის" ორგანიზებას სთხოვს, რათა ასობით გვამის შეგროვება მოხერხდეს.  მერი ცენტრალურ ხელისუფლებას და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ქალაქში მედიკამენტებისა და საკვების გაგზავნას სთხოვს, რადგან მისი თქმით ქალაქში მარაგი ამოიწურა.  კოლხაევი დაჭრილების ევაკუაციას სთხოვს.

მისივე ინფორმაციით დაღუპულებს შორის არიან როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირებიც. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები