რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანია უკრაინას 2 700 ანტისატანკო იარაღს გადასცემს

დანია უკრაინას რუსეთთან საბრძოლველად 2 700 ანტისატანკო იარაღს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტში ამ გადაწყვეტილებას მხარი უმრავლესობამ დაუჭირა.

"ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს იმისთვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთონ. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში პირველად, დანია სხვა ქვეყანას იარაღს საომრად გადასცემს". - ამბობს დანიის პრემიერმინისტრი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები