რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FIFA-მ რუსეთს მატჩების საკუთარ ქვეყანაში გამართვა, დროშისა და ჰიმნის გამოყენება აუკრძალა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) რუსეთს შეზღუდვები დაუწესა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, რუსეთის ეროვნულ ნაკრებს აეკრძალება საერთაშორისო მატჩების საკუთარ ქვეყანაში გამართვა. საშინაო შეხვედრებს ისინი მხოლოდ ნეიტრალურ სტადიონზე, მაყურებლის დასწრების გარეშე ჩაატარებენ. 

აგრეთვე, რუსეთს მატჩებში არ შეეძლება საკუთარი დროშისა და ჰიმნის გამოყენება. ფიფას გადაწყვეტილებით, რუსეთი თამაშებში მონაწილეობას ქვეყნის სახელით ვერ მიიღებს და ფეხბურთელები მოედანზე არა რუსეთის, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის სახელით გავლენ.

ორგანიზაციამ უკრაინელ ხალხს სოლიდარობაც გამოუცხადა. ფიფას განცხადებით, შეზღუდვების დაწესების მიზეზი სწორედ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიაა. მათივე თქმით, ორგანიზაცია შესაბამის ორგანოებთან ერთად რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებაც იმსჯელებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები