რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში შეჭრას გმობდა

რუსეთმა გამოიყენა ვეტოს უფლება, რათა დაებლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც მის უკრაინაში შეჭრას გმობდა.

რეზოლუციას 11 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა, 3-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა. ჩინეთი, რომელსაც ჯერ არ გაუკრიტიკებია უკრაინაში რუსეთის შეჭრა, იმ სამ ქვეყანას შორის იყო, რომელსაც ხმა არ მიუცია. 

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. რუსეთის ელჩი გაეროში, ვასილი ნებენზია, ამჟამად საბჭოს ამ თვის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები