თაღლითობა

გაეცნო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლად, ₾645 000 მიისაკუთრა - შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს გაეცნო როგორც წარმატებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი და მათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა. ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულებისთვის, ბრალდებულმა დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდა მოსთხოვა, ჯამში 645 000 ლარი მიიღო, რაც სრულად მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს." - წერია განცხადებაში.

კომენტარები