რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიშელი: მოვუწოდებ რუსეთს, შეწყვიტოს ძალადობა, სანქციების მეორე ტალღა მასიური იქნება

European Union

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მისივე ინფორმაციით, 24 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მომზადდა. 

"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, კიევზე რუსული ძალების თავდასხმა გრძელდება. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა. საჭიროა, რომ დაუყოვნებლივ მობილიზდეს საერთაშორისო საზოგადოება, რათა დავიცვათ საერთაშორისო სამართალი". - წერს ის. 

შარლ მიშელის ინფორმაციითვე, მომზადებული სანქციები "მასიური და მკაცრი" იქნება. 

"მოქალაქეების უაზრო ტანჯვა და სიკვდილი უნდა შეჩერდეს. ევროპა უკრაინის გვერდით დგას და მის მხარდაჭერას გააგრძელებს. სანქციების მეორე ტალღა, რომელიც გასულ ღამეს შეთანხმდა, მასიური და მკაცრი იქნება. შემდეგი პაკეტი გადაუდებლად მზადდება". - წერს მიშელი.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები