მაინინგი მესტიაში

"სისტემატიურად იღებდნენ არალეგალურ შემოსავლებს" – მესტიაში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს.

"სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა.

ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით". - წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოცნება იწყებს ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი, არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ "ქმედითი ნაბიჯების გადადგმას", რაც პირველ რიგში შეეხება სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში "უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს".

მდინარაძის თქმით, მესტიაში დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი, რაც აქამდე "სხვადასხვა წინააღმდეგობის გამო" ვერ ხერხდებოდა. ამასთან ერთად, ელექტროენერგია სვანეთში კვლავ უფასო იქნება "საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში", რის ზემოთაც დაწესდება შესაბამისი ტარიფი. 

კომენტარები