ისრაელი-ლიბანი

ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ისრაელის საჰაერო იერიშები ბეირუთში, ლიბანი, 26 ნოემბერი, 2024
Bilal Hussein/AP

4 ივნისს, ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ახალი შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ლიბანის ტერიტორიაზე რამდენიმე "საპილოტე" უსაფრთხოების ზონას შექმნიან, რომელშიც ჰეზბოლას მებრძოლების ყოფნა აკრძალული იქნება.

აშშ-ს შუამავლობით სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში მხარეებმა აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება "დამოკიდებულია ჰეზბოლას მხრიდან ცეცხლის სრულ შეწყვეტასა და ლიტანის მდინარის სამხრეთით მდებარე ტერიტორიებიდან ჰეზბოლას ყველა წევრის გაყვანაზე".

ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად როგორ შეიქმნება უსაფრთხოების ზონები, თუმცა შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ამ ტერიტორიებზე პასუხისმგებლობას ლიბანის არმია აიღებს.

"ეს ნაბიჯები გზას გაუხსნის ყოვლისმომცველი მშვიდობისა და უსაფრთხოების შეთანხმებისკენ პროგრესს. ყველა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ურთიერთობების მომავალი მხოლოდ ამ ორი სუვერენული მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს" - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებების მონაწილე არ არის.

კომენტარები