რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: უკრაინაზე თავდასხმა ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა

უკრაინაზე მიმდინარე შეტევები რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა. ინფორმაციას გამოცემა CNN-ი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სავარაუდოა, რომ მოვლენები რამდენიმე ფაზაში განვითარდება, რამდენ ან დროის რა მონაკვეთში, არ ვიცით, მაგრამ რასაც ვხედავთ, ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა." – თქვა თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

CNN-ის წყაროს ცნობით, რუსეთის მიზანი დედაქალაქი კიევია. მისივე თქმით, რუსეთი სამი ძირითადი მიმართულებიდან უტევს რუსეთს: სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ყირიმიდან ქალაქ ხერსონის მიმართულებით; ჩრდილოეთიდან სამხრეთის, ბელარუსიდან კიევის მიმართულებით, კიევის ჩრდილოდასავლეთიდან ჩრდილოაღმოსავლეთის მიმართულებით – ეს შეტევაც ბელარუსიდან კიევისკენაა.

"ჩვენი შეფასებით, განზრახული აქვთ მთავრობის ჩამოგდება და საკუთარი რეჟიმის დასმა, რაც ახსნის ამ ადრეულ ძვრებს კიევის მიმართულებით." – ამბობს CNN-ის წყარო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები