რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოკერია: მთავრობა, რომელიც ცდილობს, ძალაუფლება შიშზე დაამყნოს, ჩამოსარეცხი სირცხვილია

თავის დროზე, პრეზიდენტმა რეიგანმა ბოროტების იმპერია უწოდა საბჭოთა კავშირს და დღევანდელი პუტინის რუსეთი არის ლეგიტიმური მემკვიდრე - ესეც არის ბოროტების იმპერია, რომელიც ყველგან ებრძვის თავისუფლებას, ებრძვის თავისუფალ სამყაროს, ახლა ცდილობს, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და მათი სამიზნე ვართ ჩვენც, ისე, როგორც მთელი თავისუფალი სამყარო. 

ყველა, ჩვენ და ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება და უფლება, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ - ეს არის პუტინის აგრესიის სამიზნე აქ. ყველა, ვინც ამის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, ან უმოქმედობისკენ მოგვიწოდებს, არის ან ბრიყვი ან ნაძირალა, ან ორივე ერთად. ეს ხალხი ჩვენ უნდა ვამხილოთ. ეს მთავრობა, რომელიც დღეს სამარცხვინოდ ცდილობს, რომ შიშზე დაამყნოს თავისი ძალაუფლება, არის ნაწილი ამ ჩვენი სირცხვილის, რომელიც უნდა ჩამოვირეცხოთ, თუ გვინდა, რომ გავაღწიოთ ამ ჭაობიდან და ვიყოთ თავისუფალი, ნორმალური, დაცული ქვეყანა. 

სამწუხაროდ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ნაწილი იყო აქამდე მისვლის - მისი განცხადებები თავის დროზე, გნებავთ, "ომის დაწყებაზე საქართველოს მიერ", საქართველოში NATO-ს წვრთნების გაპროტესტება. ახლა ეს განცხადებები, რაც მან გააკეთა, სწორია, მაგრამ ვითარება იქამდეა მისული, რომ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის, ამ პოლიტიკური ჯგუფის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩვენ არ გვაქვს რეალისტური შანსი, რომ რაიმე ქმედითი ჩაიდინოს ამ მთავრობამ. ჩვენ ქვეყნის შიგნით უნდა გავაშიშვლოთ ესენიც და ყველა, ვინც პუტინის საქმეს აკეთებს, რომ დიდი საფრთხე ავიცილოთ, შემდეგ კი ეს ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა შევცვალოთ, იმისთვის, რომ საქართველომ თავის ისტორიულ ამოცანას მიაღწიოს - გახდეს თავისუფალი სამყაროს დაცული წევრი.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს მთავრობის პოზიციაზე.   

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა, რასაც მალევე მოჰყვა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვაც

 

კომენტარები