რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ომის პარალელურად, უკრაინა რუსული კიბერშეტევების და ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშაა

ტრადიციული ომის პარალელურად, უკრაინის სახელმწიფო სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემების რუსული კიბერშეტევის და ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშაა. 

რუსი ჰაკერების სამიზნე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების ვებ-გვერდები და სისტემები გახდა. 

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ომის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კი მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე, სადაც ჰაკერებმა ვირუსული პროგრამაც განათავსეს. 

CNN-ის ცნობით, თავდასხმები განხორციელდა მსხვილი უკრაინული კომპანიებისა და ორგანიზაციების ციფრულ სისტემებზეც. 

აღსანიშნავია, რომ ტრადიციული ბრძოლის მეთოდების პარალელურად, ჰიბრიდული ომის საშუალებების აქტიური გამოყენება რუსეთის ცნობილი ტაქტიკაა, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ, შემდეგ კი 2014 წელს - უკრაინასთან.  

პირდაპირი კიბერშეტევების გარდა, რუსეთი აქტიურად ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიას და სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმის საშუალებით ცდილობს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის მიზანი უკრაინელი მოსახლეობის დაბნევა და შეცდომაში შეყვანაა. 

რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ვითარების ფონზე, დასავლეთი სახელმწიფო ორგანოებსა და კერძო ორგანიზაციებს რუსული კიბერშეტევისთვის მომზადებისკენ თვეების განმავლობაში მოუწოდებდა

ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასებით, არსებობდა საფრთხე, რომ რუსეთის კიბერთავდასხმის სამიზნე ევროპის საფინანსო სისტემები გამხდარიყო. 

"კიბერშეტევები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ ყველა ორგანიზაციას. თავდასხმამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ძირითადი სერვისების მუშაობას, რაც პოტენციურ ზეგავლენას იქონიებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე". – ნათქვამია კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს გამაფრთხილებელ განცხადებაში.

კომენტარები