ევროპული საქართველოს აქცია

ბოკერია კალაძეს: ვისაც საქართველოს და უკრაინის დროშა შეურაცხყოფს, იმას უნდა გავუფრთხილდეთ?

"რომელ წესს ვარღვევთ ჩვენ, ან არღვევს საქართველოს მოქალაქე, ეროვნული სიმბოლიკის გამოფენით სტადიონზე?", - გიგა ბოკერიამ თბილისის მერს უპასუხა, რომელიც საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩის პარალელურად ევროპული საქართველოს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ სპორტი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის თქმით, პარტია აპირებს მატჩამდე ყველა მსურველს დაურიგოს უკრაინისა და საქართველოს დროშები და აქცია სრული წესების დაცვით გამართონ. ბოკერია კალაძეს მოუწოდებს, დააზუსტოს, რომელი წესი ირღვევა სტადიონზე ეროვნული სიმბოლიკის გამოფენით.

"მივიღეთ სრულიად აბსურდული, შეურცხმყოფელი მოწოდება კალაძისგან, ერთ-ერთი ლიდერისგან ქართული ოცნების, თბილისის მერისგან, რომ თურმე მოგვიწოდა ევროპულ საქართველოს, რომ სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთ. მე ჯერ პრობლემა მაქვს ამ კონტექსტში პოლიტიკას როდესაც ხმარობ, როდესაც უკრაინის არსებობასა და არ არსებობაზეა ლაპარაკი და არამარტო უკრაინის, პუტინის სიტყვებს ვინც მოუსმინა, ის არ ცნობს საერთოდ არც ერთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ეს არ არის ვიწრო გაგებით პოლიტიკა.

მაგრამ ამას თავი დავანებოთ, მთავარი კითხვა რაზეც მაქვს, რასაც ვითხოვთ, რომ დააზუსტოს და განმარტოს - რომელ წესს ვარღვევთ ჩვენ, ან არღვევს საქართველოს მოქალაქე, ეროვნული სიმბოლიკის გამოფენით სტადიონზე? სად წერია ეს? აქ ხო ლაპარაკი არ არის, რომ აგრესიული ლოზუნგია ვინმესი, რომელიც შეიძლება საბაბი იყოს, რომ არა, ეს არ შეიძლება, საქართველოსა და უკრაინის დროშებზეა საუბარი, ორიგინალური ფორმით. ეს არის ზუსტად ის ბალანსი - თან საზოგადოებრივ პოზიციას აფიქსირებ, თან არ არღვევ არც ერთ წესს. ეს გვითხრას, თუ შარზე არ არიან და თუ არ უნდათ თავის გამოჩენა ყოველგვარი სტანდარტის დარღვევით, რომ აი, უფრთხილდებიან. ვისთვისაც საქართველოსა და უკრაინის დროშები არის შეურაცხყოფა და პროვოკაცია, იმის გრძნობებს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ? ის რომ თამაშობდა კიევის დინამოში და მხარს უჭერდა ბევრი, განსაკუთრებით რუსული გუნდების წინააღმდეგ, იქ საქართველოს დროშა რომ გამოეფინა ვინმეს, ეს მისთვის იქნებოდა მიუღებელი?", - თქვა ბოკერიამ.

ვირას, 27 თებერვალს საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩის დროს ევროპული საქართველო რუსეთის სახელმწიფო ჰიმნს უკრაინისა და საქართველოს დროშებით უპასუხებს. პარტიის ცნობით, ევროპული საქართველო მსურველებს დროშებს სტადიონის შესასვლელთან დაურიგებს. 

"გავავსოთ სტადიონი საქართველოსა და უკრაინის დროშებით" - დაწერა სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამაც.

საქართველო-რუსეთის მატჩი დინამო არენაზე, 18:00 საათზე გაიმართება.  

კომენტარები