ევროპული საქართველოს აქცია

ოცნების პროპაგანდა უკრაინის მხარდაჭერას პროვოკაციად აფასებს

იმედი/კადრი ვიდეოდან

ქართული ოცნების პროპაგანდა უკრაინის მხარდაჭერას პროვოკაციად აფასებს - სამთავრობო ტელევიზიამ, იმედმა, საქართველო-რუსეთის მატჩზე უკრაინის დროშებით მისვლა მომზადებულ სიუჟეტში პროვოკაციად შეაფასა. 

"კვირას საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა ნაკრების გუნდების თამაშზე, შესაძლოა, გარკვეული პროვოკაცია მოხდეს. შეხვედრის პარალელურად, საპროტესტო აქციის გამართვა უკვე დააანონსეს სირცხვილიას წარმომადგენლებმა - ისინი უკრაინის დროშებით რუს მორაგბეებს დახვდებიან და ამ ფორმით საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს გააპროტესტებენ". - თქვა იმედის წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას.  

სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში ოპოზიციის ინიციატივას "მოსალოდნელ პროვოკაციად" აფასებს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძეც. 

"რაც შეეხება მოსალოდნელ პროვოკაციას, დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავები შესაბამის ზომებს მიიღებენ ასეთი პროვოკაციების აღკვეთისთვის და არ დაუშვებენ რაიმე ტიპის ძალადობას სათამაშო მოედანზე". - ამბობს ის. 

ოცნების დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი კი ამბობს, რომ ღირსება, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი სტუმრის შეურაცხყოფაში არ გამოიხატება და გუნდი, რომელიც ჩამოდის, "პირველ რიგში, სტუმარია". 

"აქ მოვიშველიებ ვაჟა-ფშაველას, ვის სტუმარ-მასპინძელზე გაზრდილები ვართ და ამ ღირსებით არის ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება. ეს პროვოკაციული ნაწილი, პირდაპირ მინდა დავარქვა, არის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა". - ამბობს ის იმედთან.   

თბილისის მერი, კახა კალაძე კი ევროპულ საქართველოს მოუწოდებს, სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნოს.


22 თებერვალს ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ საქართველო-რუსეთის მატჩზე ევროპელები და მათი მხარდამჭერები რუსეთის ჰიმნს უკრაინის დროშებით უპასუხებენ - პარტია უკრაინის მხარდასაჭერად მატჩის დაწყებამდე დროშების დარიგებას გეგმავს.    

"ევროპული საქართველო ვაპირებთ, რომ ეს მატჩი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მასობრივად ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ საქართველოსა და უკრაინის დროშები, რომ ასეთი ცივილიზებული ფორმით, ისე, რომ არანაირ კანონს არ ვარღვევთ, იქ ტრიალებდეს საქართველოსა და უკრაინის დროშები იმ სლოგანით, რაც იყო ჩვენს წინა აქციაზე – ბოროტსა სძლია კეთილმან". - თქვა მან.  

უკრაინის მხარდასაჭერად საზოგადოებას მატჩზე დროშებით მისვლისკენ მოუწოდა სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამაც

"გავავსოთ სტადიონი საქართველოსა და უკრაინის დროშებით" - დაწერა სირცხვილიამ.  

საქართველო-რუსეთის მატჩი, 27 თებერვალს, დინამო არენაზე, 18:00 საათზე გაიმართება.  

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს 13-ჯერ შეხვდნენ, ყველა შეხვედრა ქართველი რაგბისტების გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები