დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ფსაკი: ბაიდენი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმასრულებელ ბრძანებას გასცემს

ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, აშშ რუსეთისგან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ნაბიჯს ელოდა და ამაზე დაუყოვნებელი პასუხის გასაცემად მზად იყვნენ.

ფსაკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ს მოქალაქეებისთვის აკრძალავს ინვესტიციას, ვაჭრობას და დაფინანსებას უკრაინის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. ბრძანება ასევე იძლევა სანქციების დაწესების საშუალებას იმ პირებზე, ვისაც ამ რეგიონებში საქმიანობა სურს. 

ფსაკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს საპასუხო გადაწყვეტილებები არ შედის სანქციების იმ პაკეტში, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაუწესდება.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები