დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ჯონსონი: რუსეთისგან უკრაინის საკითხზე შერეული სიგნალები მოდის

ბორის ჯონსონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედროების ნაწილის გაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინის საკითხზე რუსეთისგან "შერეული სიგნალები" მოდის.  

ჯონსონის შეფასებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებებმა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად "დიპლომატიური გახსნის ნიშნები" აჩვენა. ბორის ჯონსონი ასევე ამბობს, რომ რუსეთმა კრიზისის დიპლომატიურად მოგვარებაზე საუბრის მზაობა გამოავლინა. 

თუმცა, ჯონსონის თქმითვე, სამშაბათს, 15 თებერვალს მოპოვებული მონაცემებით, რუსული ძალები უკრაინის საზღვარს მიუახლოვდნენ, ასევე, ვარაუდობენ, რომ რუსეთი საზღვართან ახლოს საველე ჰოსპიტალებს აწყობს, რაც, მისივე სიტყვებით, მხოლოდ "შეჭრისთვის მომზადებით" შეიძლება, აიხსნას.  

ჯონსონის ამბობს, რომ დასავლეთს სურს, რუსეთისგან "დეესკალაციის პროგრამა" იხილოს, ასევე, მზად აქვს "ძალიან მკაცრი" სანქციები, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში შეჭრა მოხდება. მისივე სიტყვებით, დიდი ბრიტანეთი მზადაა, ლონდონის ფინანსურ ბაზარზე რუსულ კომპანიებსა და ბანკებს ინვესტიციების მოზიდვა აუკრძალოს. 

ჯონსონის თქმითვე, კიევში საელჩოს დატოვებით "დაბალანსებული გადაწყვეტილება" მიიღეს, მაშინ, როდესაც აშშ-ს საელჩო კიევიდან ლვოვში გადაიტანეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სამხედრო წვრთნების დასრულებასთან მიახლოების პარალელურად რუსეთის სამხედრო ნაწილები მუდმივ დისლოკაციებზე დასაბრუნებლად ემზადებიან. 


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები