პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად ლელა ჯანაშვილი დანიშნა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად ლელა ჯანაშვილი 6 წლის ვადით აირჩია. პარლამენტი სამსახურის ხელმძღვანელად კენჭს უყრიდა მეორე კანდიდატს, თამარ ალფაიძესაც, თუმცა მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შედეგად შექმნილი უწყებებია. საგამოძიებო სამსახურის უფროსად პარლამენტი ემზარ გაგნიძის კანდიდატურასაც განიხილავდა.

25 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელით მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები