დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბორელი: თუ რუსეთი გაზის მომარაგებას შეაფერხებს, EU აზერბაიჯანთან და კატართან მოილაპარაკებს

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ თუ რუსეთი ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას შეამცირებს ან შეაჩერებს, ევროკავშირი, გაზთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, კატართან და აზერბაიჯანთან.

"მზად ვართ თუ დიპლომატია ვერ გაამართლებს და განვიხილავთ ყველა ვარიანტს. ეს მოიცავს ჩვენი გამძლეობის გაუმჯობესებასაც, რაც მოიცავს მუშაობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, კატარი და აზერბაიჯანი, ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიწოდებას შეამცირებს ან შეწყვეტს", – ამბობს ბორელი რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსული გაზის მომარაგების შეწყვეტის შესაძლებლობაზე. 

აღსანიშნავია, რომ 31 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის დაჰპირდა, რომ  NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირე ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. კატარი მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის მთავარი მომმარაგებელია და Reuters-ის ცნობით, შესაძლოა ევროპაში ამ პროდუქტის ექსპორტიორი გახდეს, თუ რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყება და რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდება შეჩერდება.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები