აშშ-ს იმიგრაციის და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) პატიმრობაში ქართველი მიგრანტი, 43 წლის მამუკა არტმელაძე გარდაიცვალა.
არტმელაძე 4 ივნისს ლუიზიანის შტატში გარდაიცვალა, Winn Correctional Center-ში. ICE-ის კონგრესისადმი გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ ის საკანში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სიცოცხლის გადასარჩენი ღონისძიებების მიუხედავად, 23:22 საათზე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით ავტოფსიის შედეგების მოლოდინშია.
ICE-ის ინფორმაციით, არტმელაძე ამ წლის თებერვალში ნიუ-ორლეანში დააკავეს სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, რომელიც “სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელ სატვირთო მანქანის მძღოლებს” ისახავდა მიზნად.
ABC News-ის ცნობით, არტმელაძე 50-ე ადამიანია, ვინც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ვადის დროს ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა.




