ბაიდენი კატარს NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირე ქვეყნის სტატუსს ჰპირდება

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი შეხვედრა თეთრ სახლში, 2022 წლის 31 იანვარი
aljazeera

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის დაჰპირდა, რომ მის ქვეყანას მიანიჭებს, NATO-ს წევრების შემდეგ, მთავარი მოკავშირის სტატუსს. ამის შესახებ მათ 31 იანვარს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე ბაიდენმა თქვა, რომ ის გეგმავს აშშ-ს კონგრესის შეტყობინებას კატარისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 

"კატარი არის კარგი მეგობარი, სანდო და უნარიანი პარტნიორი. შევატყობინებ კონგრესს, რომ კატარს გამოვაცხადებ NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან მთავარ მოკავშირედ, რათა აისახოს ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობა", – თქვა ჯო ბაიდენმა. 

კატარი მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის მთავარი მომმარაგებელია და შესაძლოა ევროპაში ამ პროდუქტის ექსპორტიორი გახდეს, თუ რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყება და რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდება შეჩერდება. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებსა და ავღანეთის საკითხზეც.

პრეზიდენტი ბაიდენის თქმით, შეხვედრის დღის წესრიგში იყო სავაჭრო და საინვესტიციო კოოპერაციის გაძლიერება.

კომენტარები