დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ჩეხეთი: თუ უკრაინაში სამხედროების გაგზავნას გვთხოვენ, მზად ვართ განვიხილოთ

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი, იანა ჩერნოხოვა
army.cz

ჩეხეთი უკრაინას, რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად, შესაძლოა, სამხედროებით დაეხმაროს, თუ კიევისგან ამისი თხოვნა იქნება. ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ  Nezávislý Deník-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ჩეხეთი NATO-ს წევრია.

ჩერნოხოვამ აღნიშნა, რომ ახლა ევროპის ქვეყნები კრიზისის დიპლომატიურად მოგვარებაზე არიან კონცენტრირებული, ასევე განიხილება მძიმე სანქციები, რომლებიც, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, "არც ერთი მხარისთვის იქნება სასარგებლო". 

"თუმცა რუსეთმა არ გადადგა არანაირი ნაბიჯი სიტუაციის შესაცვლელად... არავინ იცის რა იქნება ფინალში", – ამბობს ჩერნოხოვა. 

ჩერნოხოვამ ასევე თქვა, რომ ჩეხეთი მზადაა უკრაინას სამხედრო შეიარაღებით, კერძოდ 152-მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალებით დაეხმაროს. 

"უკრაინა ჩვენი პარტნიორია. არის NATO-ს პარტნიორი და არის ჩეხეთის რესპუბლიკის პარტნიორი. ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, ორივე გვეყანა საბჭოთა მმართველობის ქვეშ იყო. უკრაინა NATO-ს კარგი პარტნიორია. უკრაინა იმსახურებს დამოუკიდებლად წყვეტდეს საკუთარ ბედს. თუ ჩეხეთს სთხოვენ უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, მზად ვიქნებით ამის განხილვისთვის. ჩვენ გვაქვს უკრაინისთვის დახმარების ნება", – ამბობს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები