რუსეთი-სომხეთი

რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს კრძალავს

sovanews

რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (Россельхознадзор) რუსეთში სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა

Россельхознадзор-ის მტკიცებით, გადაწყვეტილება შემოწმების საფუძველზე მიიღეს, რომლის დროსაც დარღვევები აღმოაჩინეს. კერძოდ, უწყების თანახმად, დაადგინეს, რომ "რუსეთში შემავალი პროდუქტების წარმოებისთვის დაავადებული საქონლის რძე" გამოიყენებოდა. 

უწყების მიხედვით, გადაწყვეტილება 27 ივლისიდან ამოქმედდება. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სომხური პროდუქციის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესება 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო. თავდაპირველად აკრძალვა ყვავილების იმპორტს შეეხო, რასაც მოსკოვი ფიტოსანიტარული მოთხოვნების დარღვევით ხსნიდა. მოგვიანებით შეზღუდვები გავრცელდა მინერალურ წყალზე, ღვინოსა და კონიაკზე, ხილსა და ბოსტნეულზე, ასევე თევზეულობაზე.

არჩევნებში ქვეყნის მმართველი პარტიის გამარჯვების შემდგომ, 12 ივნისიდან Россельхознадзор-მა სომხეთიდან რუსეთში მთელი საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტსა და მისი ტრანზიტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) ქვეყნებში სრულიად აკრძალა.

შეზღუდვები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე დაწესდა. ბოლო პერიოდში ერევანი აქტიურად ცდილობს დასავლეთის ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ ტენდენციით მოსკოვი უკმაყოფილოა. რუსეთი შეეცედა გავლენა მოეხდინა სომხეთში გამართულ არჩევნებზე, თუმცა ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, რომელიც დასავლული კურსის გაგრძელებას უჭერდა მხარს, გამარჯვება მაინც შეძლო.

მოსკოვი მეზობელი ქვეყნების მიმართ მსგავს ზომებს ეკონომიკური იძულების საშუალებად ხშირად იყენებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგება, მოსკოვი ერევანთან ეკონომიკურ ინტეგრაციას შეწყვეტს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი სომხური პროდუქციის შესყიდვას შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს.

რუსეთის შეზღუდვების პასუხად ევროკავშირმა სომხეთს 34 მილიონი ევრო დაუყოვნებლივი დახმარების სახით გადასცა. სომხეთში ევროკავშირის დელეგაცია წერდა, რომ დამატებითი მხარდაჭერა გაეწევა რუსეთის სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალებულ სექტორებს, მათ შორის აგროსასურსათო პროდუქტებს, ყვავილების წარმოებასა და ექსპორტზე ორიენტირებულ სხვა ინდუსტრიებს.

კომენტარები