დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კანდელაკი ოპოზიციის რეზოლუციაზე: ფუჭია, ოცნებას მუშაობის იმიტაციის საშუალება აძლევენ

გიორგი კანდელაკი

ევროპული საქართველოს მდივანი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, გიორგი კანდელაკი ეხმაურება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავების ფაქტს და მას "ფუჭს" და "ორთქლის გამოშვების" მცდელობას უწოდებს. 

გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში საქართველოსთვის ერთადერთი პრაგმატული პოზიციაა, უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე უკრაინასთან ერთად იმოქმედოს, რათა საქართველოს ოკუპაციის საკითხი კვლავ დაბრუნდეს საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილ მორიგ აგრესიულ შეტევაზე პასიურ პოზიციას ინარჩუნებს, გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის მიღებით ოპოზიცია არ უნდა დაეხმაროს ქართულ ოცნებას მუშაობის იმიტაციის შექმნაში. 

"დღეს ვითარება უკრაინის ირგვლივ არის იმდენად სერიოზული და მძიმე, რომ ერთადერთი რამ, რაც სჭირდება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, პრაგმატულად არის მხოლოდ უკრაინასთან ერთად უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე ერთ გუნდად მოქმედება საერთაშორისო ასპარეზზე, იმისათვის, რომ მოხდეს ჩვენი პრობლემების აქტუალიზაცია დასავლეთის მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს პირველ რიგში გულისხმობს პრემიერმინისტრის უკრაინაში ვიზიტს.

აქედან გამომდინარე, რეზოლუციის ის იდეა, რომელიც წამოაყენა საპარლამენტო ოპოზიციამ და ახლა არც ვეხები პარლამენტის ლეგიტიმურობის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, შექმნილი ვითარებიდან და მისი სიმძიმიდან გამომდინარე, არის სიტუაციის შეუსაბამო, არაადეკვატური და იქნებოდა უბრალოდ ორთქლის გამოშვება და ფუჭი. საქართველოს სჭირდება მხოლოდ უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე მოქმედება. არ უნდა მივცეთ ოცნებას საშუალება, რომ მოახდინოს მუშაობის იმიტაცია, რაც არაერთხელ გაუკეთებია წარსულში". – თქვა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე. 

საპარლამენტო ოპოზიციამ 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ დაასრულეს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობა, რომელსაც სესიაზე წარადგენენ. 

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიციას აქვს ინიციატივა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ასევე საგარეო კომიტეტთან, სადაც მოწვეულები იქნებიან თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. მასში მონაწილეობის მისაღებად ასევე მიწვეულები უნდა იყვნენ ოპოზიციის წევრებიც. 

დეკანოიძის თქმითვე, აუცილებელია კონსულტაციების დაწყება პარლამენტში არსებული საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფთან და ასევე უახლოეს პერიოდში საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრების კიევში ვიზიტი.


რა ხდება უკრაინაში?

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები