ირანი-საქართველო

"იმედია, მსგავსი დიალოგები მომავალშიც გაგრძელდება" – ირანის ელჩი მეუფე ანდრიას შეხვდა

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი გორისა და ატენის მიტროპოლიტს, ანდრია გვაზავას შეხვდა. ინფორმაციას და ელჩის განცხადებას ირანის საელჩო ავრცელებს

ალი მოჯანის განცხადებით, შეხვედრაზე მრავალ საკითხზე ისაუბრეს - "თეოლოგიიდან და სულიერებიდან დაწყებული, სოციალური და კულტურული გამოწვევებით დამთავრებული". 

მოჯანი იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი დიალოგები მომავალშიც გაგრძელდება.

"გუშინ წილად მხვდა პატივი და ბედნიერება შევხვედროდი გორისა და ატენის მიტროპოლიტს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მეუფე ანდრიას — ღირსეულ, თავმდაბალ, ღრმა აზროვნების მქონე და გამორჩეულ სასულიერო მოღვაწეს, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ფილოსოფიისა და თანამედროვე სამყაროში ადამიანის პასუხისმგებლობის შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვანი დიალოგის შესაძლებლობა შექმნა.

შეხვედრისას ვისაუბრეთ მრავალ საკითხზე — თეოლოგიიდან და სულიერებიდან დაწყებული, სოციალური და კულტურული გამოწვევებით დამთავრებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის საერთო საზრუნავი, რომელიც ორივეს გვაერთიანებდა: ახალგაზრდების მომავალი და ე.წ. „ციფრული დამოკიდებულების“ მზარდი პრობლემა. ეს არის გამოწვევა, რომელიც თანდათან ქმნის არასასურველ დისტანციას ადამიანს, ოჯახსა და საზოგადოებას შორის. მისი შედეგები ერთნაირად შესამჩნევია როგორც საქართველოში, ისე ირანში და საჭიროებს სერიოზულ დაფიქრებასა და შესაბამის ნაბიჯებს.

ჩვენი საუბრის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მონაკვეთში მეუფე ანდრიამ ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მედიის განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი მოსაზრება გამოთქვა. მისი შეფასებით, დღეს მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებები ნამდვილად რევოლუციური მასშტაბის მოვლენაა. თუმცა, ამ პროცესისადმი წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, საჭიროა მისი სიღრმისეული გააზრება და ისეთი გზების მოძიება, რომლებიც ადამიანს შესაძლებლობას მისცემს სრულად ისარგებლოს ციფრული ეპოქის შესაძლებლობებით და ამავე დროს არ აღმოჩნდეს იზოლაციისა და რეალური ცხოვრებისგან გაუცხოების საფრთხის წინაშე.

ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იყო შესაძლებლობა, ურთიერთპატივისცემისა და გულწრფელობის ატმოსფეროში გვესაუბრა მართლმადიდებლურ და შიიტურ სულიერ ტრადიციებს შორის არსებულ ზოგიერთ საერთო ფასეულობასა და შეხედულებაზე. დარწმუნებული ვარ, ასეთი დიალოგი ხელს უწყობს ირანელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას და კულტურული, სულიერი და ჰუმანური კავშირების განმტკიცებას.

ჩვენი საუბრის განმავლობაში არაერთხელ დავუბრუნდით ერთ საერთო იდეას: ადამიანის კავშირი ღმერთთან მხოლოდ პირადი და ინდივიდუალური გამოცდილება არ არის. იგი გავლენას ახდენს ადამიანის პასუხისმგებლობის აღქმაზე ოჯახის, სამშობლოს, საზოგადოების და მომავალი თაობების მიმართ. ეს ხედვა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთო წერტილია ჩვენი ორი ერის სულიერ ტრადიციებს შორის.

მეუფე ანდრია ჩემთვის წარმოჩნდა როგორც განათლებული, ფართო ხედვის მქონე და ბრძენი სასულიერო პირი, რომელიც პატივისცემითა და კეთილგანწყობით საუბრობს თანამედროვე ირანზე. ეს შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და შემეცნებითი იყო. იმედი მაქვს, რომ მსგავსი დიალოგები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთგაგებას, მეგობრობასა და თანამშრომლობას ირანელ და ქართველ ხალხებს შორის" - ნათქვამია ალი მოჯანის განცხადებაში

კომენტარები