დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ერთიანი ვიზიტი კიევში, რეზოლუციის მიღება – საპარლამენტო ოპოზიციის მიმართვა უმრავლესობას

საპარლამენტო ოპოზიციის წევრების თქმით, მათ დაასრულეს კონსულტაციები უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის მიღებაზე, რომელსაც პარლამენტის სესიაზე გაიტანენ. ამის შესახებ ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიციას აქვს ინიციატივა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ასევე საგარეო კომიტეტთან, სადაც მოწვეულები იქნებიან თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები.

დეკანოიძის თქმით, აუცილებელია კონსულტაციების დაწყება პარლამენტში არსებული საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფთან და ასევე უახლოეს პერიოდში საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრების კიევში ვიზიტი.

"ეს იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რომ საქართველოს პარლამენტი, რეზოლუციის პარალელურად, მხარს უჭერს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს". – ამბობს ხატია დეკანოიძე.

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში შესაბამისმა კომიტეტებმა უნდა შეათანხმონ საბოლოო ტექსტი ორი მნიშვნელოვანი რეზოლუციის, ესაა უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების რეზოლუცია.

"პლენარულ სხდომაზე, როდესაც გაიხსნება საგაზაფხულო სესია, ეს რეზოლუციები უნდა გახდეს პირველი, რასაც მიიღებს საქართველოს პარლამენტი. ეს იქნება ნათელი გზავნილი, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე რუსეთისთვის, რომ საქართველო და უკრაინა არ აპირებენ დათმობებზე წასვლას". – ამბობს საპარლამენტო ფრაქცია ლელო-პარტნიორობის წევრი სალომე სამადაშვილი.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პრემიერმინისტრს მოუწოდებენ, მიმდინარე კვირას მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა, სადაც ოპოზიციის წევრებიც იქნებიან მიწვეულები.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები