უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები

რუსეთის დუმაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის საკითხს განიხილავენ

პრორუსი სეპარატისტები დონეცკიდან

უკრაინა-რუსეთის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის ფონზე, მომდევნო კვირაში რუსეთის დუმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონბასში არსებული ორი სეპარატისტული რეგიონის, თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ისაუბრა. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჟენევაში გამართულ შეხვედრამდე გახდა ცნობილი. 

დუმაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული კანონპროექტი 11-მა დეპუტატმა, რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, გენადი ზიუგანოვის ხელმძღვანელობით წარადგინა. 

ვოლოდინის თქმით, რუსეთის მმართველ პარტია, ერთიანი რუსეთი შეშფოთებულია ამ რეგიონში მცხოვრები რუსების უსაფრთხოების საკითხებზე. 2014 წლის შემდეგ რუსეთის მთავრობამ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში 600 000-ზე მეტი რუსული პასპორტი გასცა.

ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს სერგეი ლავროვს, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ლავროვის თქმით, ის ამ საკითხზე სპეკულაციას არ აპირებს.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები