ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ ე.წ. ადგილობრივი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს და მათ უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევად მოიხსენიებს.
"14 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლება რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებს ატარებს, მათ შორის, უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, კერძოდ, ქალაქ სევასტოპოლში. ევროკავშირი არ აღიარებს არც ამ ე.წ. "არჩევნებს" და არც მათ შედეგებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს ქარტიისა და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევა
ყირიმში რუსეთის შეჭრისა და უკანონო ანექსიის მცდელობიდან ათწლეულზე დიდი ხნის შემდეგ, ევროკავშირი იმეორებს თავის პოზიციას: ყირიმი უკრაინაა. მივუთითებთ რა გაეროს ასამბლეის 2014 წლის 27 მარტის რეზოლუციას, რუსეთს მოვუწოდებთ, უკრაინის ეროვნული ერთიანობისთვისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრის ძალისხმევა შეწყვიტოს.
ევროკავშირი გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას უკრაინისადმი მის ძალისხმევაში, რომ რუსეთის აგრესიის ომს წინააღმდეგობა გაუწიოს და კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას". - წერია განცხადებაში.





