უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები

უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა, კიევმა ფხენიანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, ეღიარებინა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული რეგიონების ე.წ. "დამოუკიდებლობა". – წერია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ფხენიანის გადაწყვეტილება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრის მცდელობაა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არაფერს ნიშნავს, არ ექნება სამართლებრივი შედეგები და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ვერ შეცვლის. 

ამ ქმედების პასუხად, კიევი ფხენიანთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ჩრდილოეთ კორეასთან უკრაინას უკვე გაწყვეტილი ჰქონდა ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი, საერთაშორისო სანქციების გამო.

"ასეთი არამეგობრული ქმედების პასუხად, უკრაინა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტას აცხადებს. კსდრ-სთან პოლიტიკური და ეკონომიკური კონტაქტი შეწყვეტილი იყო ამ ქვეყანაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო". – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აქამდე, რუსეთის გარდა, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, სირია იყო.

უკრაინის ოკუპირებილი ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მარიონეტულ რეჟიმებსაც.

კომენტარები